თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არ დააკმაყოფილა თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი ინდმეწარმე შურა ხურცილავას მიმართ.
სასამართლოს განცხადებით, ინდმეწარმე `შურა ხურცილავა~ სხვადასხვა პერიოდში სამჯერ ისე იქნა დაჯარიმებული, რომ არ იქნა დადგენილი და შესაბამის სამართალდარღვევის ოქმებში არ აისახა, თუ რა სახის პროდუქციის რეალიზებას ახორციელებდა გადამხდელი.
"აღნიშნულ გარემოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისათვის, ვინაიდან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაედგინა ხომ არ არსებობდა საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლები (მაგალითად, თუ მეწარმე ახდენდა მის მიერ მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციას, ასეთ შემთხვევაში, იგი გათავისუფლებული იქნებოდა საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან)", _ ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
სასამართლოს ინფორმაციით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მოხდა ინდმეწარმის იდენტიფიცირება. სამივე სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერდა არა ინდმეწარმე `შურა ხურცილავა~, არამედ, ფიზიკური პირი მარინა ჩხეტიანი. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მარინა ჩხეტიანი არ არის ინდმეწარმე `შურა ხურცილავას~ წარმომადგენელი და მხოლოდ გარემოება, რომ ჩხეტიანი არის ინდმეწარმის შვილი, არ არის საკმარისი სამართლებრივი საფუძველი მისი შურა ხურცილავას წარმომადგენლად მიჩნევისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინდმეწარმე `შურა ხურცილავას~ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ინდ. მეწარმე `შურა ხურცილავა~ გათავისუფლდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 15 500 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან.