უზენაესმა სასამართლომ "ახალი მემარჯვენეების" მხარდამჭერის კოტე კაპანაძისა და თეიმურაზ იარაჯულის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განცხადება გაავრცელა.
სასამართლოს განმარტებით, საბრალდებო დასკვნის მიხედვით, კოტე კაპანაძეს და თეიმურაზ იარაჯულს ბრალი ედებოდათ მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, დანაშაული გავალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
"კოტე კაპანაძის და თეიმურაზ იარაჯულის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის სამმართველოს მთავარ ინსპექტორებს კოტე კაპანაძეს და თეიმურაზ იარაჯულს დაევალათ ინდ. მეწარმე `აიდინ მაილივში~ გეგმიური გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარება. შემოწმება მოიცავდა 2005 წლის 1 ოქტომბრიდან 2007 წლის 1 ივლისამდე პერიოდს. შემოწმების პროგრამის თანახმად, სხვა საკითხებთან ერთად კ.კაპანაძესა და თ.იარაჯულს უნდა შეემოწმებინათ გადამხდელის მიერ განხორციელებული იმპორტის ოპერაციების შემოსავალ-გასავალში გატარების სისწორე და ამ ოპერაციებით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კანონიერება. შემოწმებით კოტე კაპანაძემ და თეიმურაზ იარაჯულმა ვერ გამოავლინეს ინდ. მეწარმე `აიდინ მაილივი~-ს მიერ ჩადენილი დასაბეგრი ობიექტის დამალვის გზით გადასახადისაგან თავის არიდების ფაქტი და 2007 წლის 7 აგვისტოს შემოწმების აქტით დამატებით არ დაარიცხეს მას საშემოსავლო გადასახადში 39685 ლარი, სოციალურში 86360 ლარი, აგრეთვე ჯარიმა 82363 ლარი ე.ი. სულ 208408 ლარი", _ ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
უზენაესი სასამართლოს განმარტებით, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიიჩნია, რომ კოტე კაპანაძემ და თეიმურაზ იარაჯულმა ჩაიდინეს არა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, არამედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ, სამსახურებრივი გულგრილობა.
"კოტე კაპანაძის და თეიმურაზ იარაჯულის მიერ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა სასამართლო გამოძიებისას დადასტურდა განსასჯელ თეიმურაზ იარაჯულის აღიარებითი ჩვენებით, გეგმიური გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით, ინდ. მეწარმე `აიდინ მაილივის~ საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური რევიზიის 2009 წლის 8 ივნისის აქტით, 2009 წლის 11 ივნისის #5 საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმეების ჩვენებებით", _ ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.
სასამართლოს განცხადებით, კოტე კაპანაძემ არ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხოლო თეიმურაზ იარაჯულმა ითანამშრომლა წინასწარ გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული.
სასამართლოს განმარტებით, კოტე კაპანაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 6 თვის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლის ვადით.
თეიმურაზ იარაჯული ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით, დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლის ვადით.