ნენსკრა ჰესი ერთ–ერთია იმ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის პირობებშიც არ გაჩერდება.
„ამჟამად მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები. მიუხედავად არსებული ვითარებისა, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ გზებისა და ხიდების მშენებლობას. სამუშაოები სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების სრული დაცვით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით ხორციელდება. ამჟამად პროექტზე დასაქმებულია 300-მდე ადამიანი, მათგან 130 ადგილობრივი მაცხოვრებელია“, – აცხადებენ ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ნენსკრა ჰიდროში“.
სამუშაოებს კომპანიის სუბკონტრაქტორი - „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ ახორციელებს. მისი ინფორმაციით ჭუბერში 100 ტ გამტარუნარიანობის მქონე ექვსი ხიდის მშენებლობა, გზის გაფართოება და ქვანაყარის მოწყობა, მილხიდისთვის ფუნდამენტის მომზადება, ექსკავაცია ე.წ. „ოპერატორების სოფლის“ საცხოვრებელი კორპუსების ფუნდამენტისთვის და სხვა სამუშაოები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.
კერძოდ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ნენსკრა ჰესის საპროექტო ტერიტორიაზე, კომპანიის მფლობელობაში არსებულ საოფისე და საცხოვრებელი ფართებზე, ასევე კვების ობიექტზე და სატრანსპორტო საშუალებებში რეგულარულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. გარდა ამისა, სისტემატურად მოწმდება პროექტზე დასაქმებული ადამიანიების ჯანმრთელობის მდგომარეობა.