მამა იოსებ მინდიაშვილი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა არის სახლში, ცალკე ოთახშია იზოლირებული და ამ ეტაპზე მას არ სჭირდება საავადმყოფოში გადაყვანა. მადლობა ღმერთს, მას ჰქონდა კვალიფიციურ ექიმებთან კონსულტაცია და მათი თქმით, კრიზისული ეტაპი გავლილი აქვს, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ ცოტა ხნის Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მეუფე საბას თქმით, მამა იოსებს ტემპერატურის მატება 20 მარტს აღენიშნებოდა, მეორე დღესვე ჩააბარა ტესტი და პასუხი ტესტზე, 24 მარტს მიიღო.
„მამა იოსებმა პარასკევს, 20 მარტს შენიშნა, რომ სიცხე ჰქონდა, იმავე დღეს დარეკა ექიმთან, დანიშნა შეხვედრა, რომ ტესტი ჩაეტარებინა კორონავირუსზე. მეორე დღეს გაიკეთა ტესტი და იმავე დღეს მოხდა მისი იზოლირება. ჯვართამაღლებას მას წირვა არ ჩაუტარებია და ამ პერიოდში არც შეხება ჰქონია მრევლის წევრებთან. გუშინ საღამოს მივიღეთ დადასტურებული პასუხი, რომ კორონავირუსი დაუდგინდა. შაბათის შემდეგ თითქმის 4 დღეს დაგვჭირდა იმისთვის, რომ ტესტის პასუხი მიგვეღო, ასეთი ვითარებაა დღეს ამერიკაში. მინდა გითხრათ, რომ თუ ადამიანს არ აქვს ვირუსის გართულებული ფორმა, ამრეიკაში პაციენტი მკურნალობას სახლის პირობებში გადის. “ - განაცხადა მეუფე საბამ.
ამერიკაში მოღვაწე დეკანოზს სიმპტომები 20 მარტს გამოუვლინდა. ის ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ ეპარქიაში მსახურობს.