დღეს უკვე ჩვენ ფაქტობრივად გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ შემთხვევების რაოდენობა გაგვეზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობს ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ჩვენ მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ეფექტურად ვახორციელებდით დაავადების განვითარების შეჩერების ფუნქციას, დღეს უკვე ჩვენ ფაქტობრივად გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ შემთხვევების რაოდენობა გაგვეზრდება და ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ. ეს არის ობიექტური რეალობა და ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ ღიად. ეს ნიშნავს იმას, რომ მიდგომები და მენეჯმენტი პროცესის უნდა შეიცვალოს. პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ ეპიდემიის გავრცელების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადავდივარ. ეს არის მნიშვნელოვანი და მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. პირველ რიგში ჯანდაცვის სისტემა. ჯანდაცვის სისტემა მზად უნდა იყოს გაზრდილი რაოდენობის პაციენტების მომსახურებისთვის”, - თქვა გახარიამ.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ინფიცირებული პირებიდან 2 შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.
17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 34-ს აღწევს. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 64. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
სამინისტროები და უწყებები 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.