ატმის ბაღში ქურდის დაჭერისათვის დაკავებულ მამა - შვილს, გივი და ალექსანდრე პაპალაშვილებს, პროკურატურამ საპროცესო გარიგება გაუფორმა. საპროცესო გარიგების პირობებით, 26 წლის ალექსანდრე პაპალაშვილს 6 თვით, ხოლო მამამისს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა, ჯარიმის გარეშე.
შეგახსენებთ, რომ შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა გივი და ალექსანდრე პაპალაშვილები 2009 წლის 18 აგვისტოს დააკავეს. პოლიცია დაკავებულებს ბრალს მოქალაქე სოსო კოჭლამაზაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში სდებს. საქმე იმაშია, რომ 15 აგვისტოს პაპალაშვილებმა, როგორც თავად ამბობენ, ნაკვეთში ატმის ბაღის ქურდი სოსო კოჭლამაზაშვილი დაიჭირეს. კოჭლამაზაშვილი მათგან გაქცევას ცდილობდა, რის გამოც სატვირთო მანქანაში ჩასვეს, დააბეს და სოფელში წაიყვანეს, სადაც მას თოკები შეხსნეს და ხალხის თანდასწრებით ხელწერილი დააწერინეს. ხელწერილში კოჭლამაზაშვილი აღიარებს, რომ ატამი ნამდვილად მან მოიპარა და თანხას იმ შემთხვევაში აანაზღაურებს, თუ მას პოლიციას არ გადასცემენ. კოჭლამაზაშვილი გაუშვეს, თუმცა ორი დღის შემდეგ მან პოლიციაში იჩივლა. კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ მას ქურდობა არ ჩაუდენია და ხელწერილი, რომელიც პაპალაშვილებს აქვთ, მის მიერ არ არის დაწერილი. პროკურატურამ პაპალაშვილებს ბრალი კოჭლამაზაშვილისთვის თანხის გამოძალვის მცდელობასა და მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში დასდო.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებდნენ, პროკურატურა მათთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა.