დღეს აღებულია 24 სინჯი. მიმდინარეობს მათი კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში. დიდი ალბათობით არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს დადებითი შემთხვევა. ჩვენ ამან არ უნდა დაგვაფრთხო, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ეჭვი არსებობს კიდევ ერთ მოქალაქეზე, რომლის შესახებ პასუხი საღამოსთვის გახდება ცნობილი.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო საქართველო შესაბამის ზომებს იღებს და ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის რეჟიმშია.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კარანტინში იმყოფება 87 ადამიანი, აქედან 31 საჩხერეში, 21 აბასთუმანში და ასევე, გამოიყო ბავშვთა განყოფილება ტუბცენტრში, რომელიც იზოლირებულია ძირითადი შენობისგან და იქ არის 35 ადამიანი.
საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის ორი შემთხვევაა დადასტურებული.