ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ გიგი უგულავასთვის დამატებით 3-წლიანი პატიმრობის მისჯა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს.
"ჩვენ გვაქვს რამდენიმე მაგალითი ამ რეგიონში, როდესაც ისეთი ქცევა, რომელიც გუშინ ივანიშვილმა ჩაიდინა, შემდეგ ისჯება პერსონალური და სხვა ტიპის სანქციებით. ასეთი მაგალითები გვაქვს არა მხოლოდ მოლდოვაში, პლახოტნიუკის, ყოფილი ოლიგარქის შემთხვევა, რომელიც გაიქცა, ასევე, ასეთი შემთხვევები გვაქვს რუმინეთში, პარტიის ყოფილი ლიდერის და პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში, ასევე ბულგარეთში, ყოფილი მოსამართლის შემთხვევაში. საქართველოში ივანიშვილმა ეს მაგალითი გააერთიანა ერთ შემთხვევაში და არ არის გამორიცხული, მისთვისაც ზუსტად იგივე შედეგები დადგეს", - თქვა კაპანაძემ.
უზენაესმა სასამართლომ ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამატებით 3-წლიანი პატიმრობა 10 თებერვალს მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც სასჯელი მან ერთხელ უკვე მოიხადა - პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება. გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში 1 თვის წინ უვადოდ დანიშნულმა მოსამართლეებმა, შალვა თადუმაძემ, ლალი ფაფიაშვილმა და მერაბ გაბინაშვილმა მიიღეს.