ამერიკელი სენატორების ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი მიწერილ წერილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება.
სააკაშვილის თქმით, ეს სენატორებიარიან ძალიან ცნობილი, ძალიან წესიერი და საერთაშორისო არენაზე ძალიან დიდი ავტორიტეტის მქონე ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებმაც ზუსტი დიაგნოზი დაუსვეს თუ რაც ხდება საქართველოში.
"სენატორები სიამაყით იხსენებენ, რომ 2012 წელს დამკვირვებლები იყვნენ არჩევნებზე და იხსენებენ, თუ როგორ დემოკრატიულად ჩავატარე მე ეს არჩევნები და როგორ დემოკრატიულად გადავაბარე ხელისუფლება.
შემდეგ ლაპარაკობენ იმ რეპრესიებსა და უსამართლობაზე, რომელიც ხდება ახლა. ამაზე რაღას იტყვიან ივანიშვილის გოშიები, ესენიც ვიღაცამ მოისყიდა და ესეც ვიღაცის ლობისტი არიან?
პრაქტიკულად საქართველო კარგავს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას. ამ მხარდაჭერის შედეგად გადარჩა ქართული სახელმწიფოებრიობა 2008 წელს, ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება.
ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობა არის ჩვენ მხარეს და ივანიშვილი ბოლომდე გაკოტრებულია, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი არის ქართველი ხალხის გასაკეთებელი. ჩვენი თავგანწირვით და ჩვენი ორგანიზებულობით, ერთად ყოფნით, ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ საქართველოს გამარჯვებისა და გამოხსნის საქმეს.
ყველაფერი კარგად იქნება და საქართველოში აუცილებლად გათენდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.