ბერლინში ლიბიის კრიზისთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს.
მსოფლიო ლიდერები, რომლებიც კონფერენციას ესწრებოდნენ, შეთანხმდნენ, რომ ლიბიაში შეიარაღების შეტანაზე გაეროს ემბარგოს დაუჭერენ მხარს და შეწყვეტენ სამხედრო მხარდაჭერას ლიბიის კონფლიქტში ჩართული მხარეებისთვის.
დეკლარაცია, რომელსაც ხელს 16 ქვეყანა და ორგანიზაცია აწერს, ითვალისწინებს შეიარაღებაზე დაწესებული ემბარგოს საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას.
კონფერენციის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა შეაქო კონფერენციის მუშაობა და თქვა, რომ ყველა მონაწილე "ნამდვილად კონსტრუქციულად" მუშაობდა.
"ყველანი შევთანხმდით, რომ პატივი უნდა ვცეთ მიღებული დეკლარაციის მოთხოვნებს, იარაღზე დაწესებულ ემბარგოს და მასზე კონტროლი უნდა იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა", - დასძინა ანგელა მერკელმა.
მისივე თქმით, ლიდერები, რომლებიც ესწრებოდნენ კონფერენციას, გააგრძელებენ დამატებით შეხვედრებს, რათა პროცესი გაგრძელდეს იმგვარად, რაც "ლიბიელ ხალხს მოუტანს მშვიდობიან ცხოვრებას".
აღსანიშნავია, რომ ბერლინში იმყოფებოდნენ ლიბიის გაეროს მიერ აღიარებული ეროვნული მთავრობის მეთაური ფაიეზ სარაჯი და ლიბიის ეროვნული არმიის მთავარსარდალი ხალიფა ჰაფთარი, რომელთაც უარი თქვეს პირისპირ შეხვედრაზე.
კონფერენციის დაწყებამდე მერკელმა, რომელიც ორივე დაპირისპირებულ მხარეს ცალცალკე შეხვდა, განაცხადა, რომ "მხარეებს შორის იმდენად დიდი განსხვავებებია, ამ ეტაპზე პირისპირ შეხვედრა და საუბარი ნაადრევია".
კონფერენციაზე მიღებული დეკლარაცია გაეროს უშიშროების საბჭოში გაიგზავნება, რომელმაც მას კენჭი უნდა უყაროს.
კონფერენციას ესწრებოდნენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და სხვები.
კონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე, ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მცდელობა ჰქონდათ მოსკოვში, სადაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკება გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიბიის ეროვნული არმიის მეთაურმა ხალიფა ჰაფთარმა მოსკოვი ისე დატოვა, რომ ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე ხელი არ მოაწერა.
2011 წელს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მკვლელობის შემდეგ ლიბია ფაქტობრივად ორ ნაწილად გაიყო. ამჟამად ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა გამეფებული.
აღმოსავლეთ ნაწილს განაგებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, დასავლეთ ნაწილს, დედაქალაქ ტრიპოლში, მართავს გაეროსა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ეროვნული თანხმობის მთავრობა.
აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლება ტრიპოლისგან დამოუკიდებლად მოქმედებს და თანამშრომლობს ლიბიის ეროვნულ არმიასთან, რომელსაც ჰაფთარი ხელმძღვანელობს.