საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე გამართული კონფერენციის ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს. განცხადების ტექსტის მიხედვით, კონფერენციის ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ, დაიწყოს მოლაპარაკებები მათ მიერ ინიცირებული ცვლილებების თაობაზე. განცხადების ავტორები მზად არიან, განიხილონ ხელისუფლების მიერ წამოჭრილ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. აღნიშნული განცხადების ტექსტი ექსპერტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს 8 ოპოზიციური პარტიის სახელით ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთმა წევრმა ინგა გრიგოლოამ გააცნო.
მისი თქმით, კონფერენციის ორგანზატორი პარტიების მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა და განიხილა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს: პარლამენტის არჩევნების საარჩევნო სისტემა, ამომრჩეველთა სიების შედგენის წესი, არჩევნების დღე, საარჩევნო დავების განხილვის სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და საარჩვნო კამპანიის მიმდინარეობა.
ოპოზიციური პარტიები ამ საკითხებთან დაკავშირებით თხოვენ ხელისუფლებას ცვლილებების შეტანას. კონფერენციის ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიები საქართველოში მოქმედ კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებსაც მიმართავენ და ამ პროცესში ხელისუფლების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას სთავაზობენ.
"მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მსურველი ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციების და ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დროსაც აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს მივიღებთ ერთობლივად, მოლაპარაკებაში მონაწილე ოპოზიციური სუბიექტების ხმათა უმრავლესობით", _ ნათქვამია განცხადების ტექსტში.
კონფერენციის ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიები საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართავენ და მოუწოდებენ, აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესს, რადგან, მათი თქმით, ამ პროცესის წარმატებაზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული საქართველოს სტაბილური და დემოკრატიული განვითარება. განცხადების ტექსტს ხელს აწერენ "ახალი მემარჯვენეები", "ეროვნული ფორუმი", "საქართველოს გზა", "საქართველოს კონსერვატიული პარტია", "საქართველოს რეპუბლიკური პარტია", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", "ჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატები", "ხალხის პარტია".