შეწყალება უნდა შეეხოს თუ საჭიროებაა, ძალიან მძიმე დანაშაულებსაც კი. თუ პრეზიდენტ გადაწყვეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემისთვის "თავისუფალი ხედვა" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა, გიორგი გვიმრაძემ პრეზიდენტს ჰკითხა, შეწყალების ახალი წესი მანამდე რომ ყოფილიყო, პრეზიდენტის 28 აგვისტოს შეწყალების აქტი მაინც იარსებებდა თუ არა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ "ძნელი სათქმელია, მაგრამ ალბათ იარსებებდა".
"ძნელია სათქმელია, მაგრამ ალბათ იარსებებდა. დარწმუნებით ვერ ვიტყვი. დღევანდელ დღეს მოცემულობა სხვა არის და ძნელია, დღევანდელი მოცემულობით იმსჯელო წარსულზე. რა უნდა ითქვას შეწყალებაზე - ჯერ ერთი ის, რომ მთელმა საზოგადოებამ მეტი იცის შეწყალების შესახებ, ვიდრე მეგონა რომ იცოდა და ბევრი კითხვა რომელიც დაისვა, დაისვა უფრო ნიშნისმოგებით და ვიდრე იმიტომ რომ არ იცოდა საზოგადოებამ.
მეორეც - შეწყალება უნდა შეეხოს ასევე, თუ საჭიროება არის ძალიან მძიმე დანაშაულებსაც კი. თუკი პრეზიდენტი გადაწყვეტს. ხშირ შემთხვევაში, სხვა ქვეყნებში, მკვლელებსაც ეხება.. ანუ, ჩვენ ანგელოზებს არ ვიწყალებთ და უდანაშაულო ადამიანებს არ ვიწყალებთ და შეწყალება არ ნიშნავს, რომ ადამიანი უდანაშაულო იყო. პირიქით, შეწყალების საფუძველი არის ადამიანის მიერ თავის დანაშაულის აღიარება", - განაცხადა პრეზიდენტმა.