რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, პიტერ სემნების შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იაკობაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიაზე გაიმართა, რომელსაც მისი აპარატი ამზადებს.
"ასევე ვისაუბრეთ იმ როლზე, რომელიც ევროკავშირმა ამ სტრატეგიის განხორციელებაში უნდა შეასრულოს", - განმარტა იაკობაშვილმა.
მისი განმარტებით, განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და "ის უმსგავსოება, რაც ადამიანების გატაცებასა და მათი უფლებების შელახვის სახით გამოიხატება".
შეგახსენებთ, რომ პიტერ სემნები საქართველოში დღეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების 27 ელჩთან ერთად ჩამოვიდა.