ოპოზიცია ტრაგედიის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს, - პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციაზე საუბრობს.
მისი თქმით, სისტემა, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, დიდი ხანია დაინგრა
"რასაკვირველია, ეს კიდევ ერთხელ უნდა მოვიკითხოთ, ვინ დაუშვა, რომ იმ პერიოდში ბრალდებული პოლიციელი კვლავ იყო ოფისში. მაგრამ, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, ამ პოლიციელის დანაშაულების ხარისხზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ეს არის სწორედ იმ პოლიტიკური სვავების პოლიტიკა, რომელიც აი ამ უბედურების ფაქტზე არიან წასეულები. სიღრმისეულად რომ გავაანალიზოთ, გაცილებით უფრო სერიოზულია პრობლემა და ვფიქრობ, რომ სისტემა, რომელზეც ისინი საუბრობენ, დიდი ხანია დაინგრა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. ის მე-9 სართულიდან გადმოხტა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო და 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, იმავე დღეს, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავა. დაკავებული გამომძიებელი ბრალდებას არ აღიარებს. მისთვის ჯერ ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ.