ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა არ გამორიცხავს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიების შედეგები 2020 წლის ბოლომდე გახდეს ცნობილი. ამის შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და ბენსუდას შეხვედრაზე.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის რიგით მე-18 სესიის ფარგლებში, ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა.
შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ეთნიკური წმენდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ომის დანაშაულების მსხვერპლი გახდა, გამოძიებიდან ელოდება კონკრეტულ შედეგებს, რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება.
როგორც შეხვედრაზე პროკურორმა ფატუ ბენსუდამ განაცხადა, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია და მისი, როგორც ჰააგის სასამართლოს პროკურორის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულ საქმეზე კონკრეტული შედეგები დადგეს.
ფატუ ბენსუდას უფლებამოსილების ვადა 2020 წლის ბოლოს ეწურება.