ხვალ რომ არჩევნები იყოს, მოსახლეობის 44% ხმას ოპოზიციურ პარტიას მისცემდა, ხოლო 26% "ქართულ ოცნებას", - ასეთია ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია "ედისონ რისერჩისა"და ტელეკომპანია "ფორმულის" კვლევის შედეგები.
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 30%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას.
თუ არ გავითვალისწინებთ 30%-ს, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილი, ვის აძლევს ხმას, ამ შემთხვევაში მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება - 64% ხმას მისცემდა ოპოზიციურ პარტიას, 36% კი მმართველ ძალას.
ოპოზიციურ პარტიებში „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს 26%-ით. მეორე ადგილს "ევროპული საქართველო" იკავებს 9%-ით, მესამე ადგილზე კი "ლეიბორისტული პარტიაა" - 6%. "პატრიოტთა ალიანსს" 5% უჭერს მხარს, "ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა" - 3%, ასევე 3% აქვს გიორგი ვაშაძის პარტიას "ახალი საქართველოსთვის", "გირჩს" და "ლელოს" 2-2 პროცენტი, ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო", ირაკლი ოქრუაშვილის "გამარჯვებული საქართველო", დავით უსუფაშვილის "შენების მოძრაობა" - 1%.
"ედისონ რისერჩმა" კვლევა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით აწარმოა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის მოსახლეობის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა.
არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იქნენ არჩეულნი. შესაძლო ცდომილება 2.2%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.