თბილისში საპროტესტო აქციების დაშლის დროს მთავრობამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, - ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ხელისუფლებამ ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკა უნდა აღკვეთოს, რადგან ეს მშვიდობიანი შეკრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას არღვევს", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს დედაქალაქში გრძელდება ანტისამთავრობო გამოსვლები, ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან.
"ძალის გამოყენება მხოლოდ მაშინ არის მიზანშეწონილი, როდესაც არაძალადობრივი მექანიზმები არაეფექტურია. ამავე დროს, სამართალდამცავმა ორგანოები უნდა ეცადონ მინიმუმადე დაიყვანონ დემონსტრანტების დაზიანება", - წერია განცხადებაში.
Amnesty International-ი მიიჩნევს, რომ 18 და 26 ნოემბერს წყლის ჭავლის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა და შესაბამისმა ორგანოებმა ყველა ფაქტორი არ გაითვალისწინეს.
"წყლის ჭავლის გამოყენება არც პროპორციული იყო და არც აუცილებელი. მისი გამოყენება მხოლოდ იმ ვითარებაშია აუცილებელი, როდესაც ძალადობამ მიაღწია იმ დონემდე, როდესაც სამართალდამცავები ვერ ახერხებენ ამის შეკავებას, მხოლოდ ძალადობაში ჩართული ადამიანების დაკავებით", - აღნიშნულია განცხადებაში.