პროპორციული არჩვენების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივის ვერ განხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, როგორც ოპონენტებს სურთ დღეს ამის წარმოჩენა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" ინიციატივა იყო, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლიდან, თუმცა სამწუხაროდ, დეპუტატთა გარკვეულმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კენჭისყრის დროს.
"ეს ნიშნავს იმას, რომ 2024 წლამდე, საქართველოში რჩება იგივე საარჩევნო სისტემა, რომლითაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი მოქალაქეები და საზოგადოება ცვლიდა და ირჩევდა თავის ხელისუფლებებს", - თქვა თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი.