კიდევ ერთხელ და საბოლოოდ ვაცხადებ - რომ არასოდეს ჩამითვლია და მითქვამს, რომ ადამიანის კვებისთვის 1.18 საკმარისია, - ასე პასუხობს თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერიძე მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, რიმა ბერიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ხუთ წელზე მეტია პარტიული ტელევიზიის მიერ, სიცრუეზე აწყობილი სიუჟეტით გამოგონილ 1.18-ზე აპელირებით, ატყუებთ მოსახლეობას.
ყველამ იცის და ნახა (არსებობს ამის ჩანაწერი youtube-ზე) როგორ ვთხოვდი გაბუნიას ეთერში მაყურებლისთვის სრული ჩანაწერი ეჩვენებინა, რაც რა თქმა უნდა, არ გააკეთეს. ვერ აჩვენებდნენ, რადგან ასეთი რამ რეალურად არ არსებობს.
კიდევ ერთხელ და საბოლოოდ ვაცხადებ - რომ არასოდეს ჩამითვლია და მითქვამს, რომ ადამიანის კვებისთვის 1.18 საკმარისია!!!!
გამომდინარე იქედან, რომ მე გავიზარდე ხელმოკლე ოჯახში, კარგად ვიცი გაჭირვების ფასი. მაქსიმალურად შევდივარ ასეთი ადამიანების მდგომარეობაში და ვცდილობ დავუდგე მხარში.
პერიოდულად, ეს გამოგონილი ვებ-გვერდები, ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას, იცოდეთ, მაინც ვერ შემაშინებთ, ვერ ნახავთ ჩემს მიერ ნათქვამ ისეთ ფრაზებს, რომლებიც ადამიანებს შეურაცხყოფას მიაყენებს და დაამცირებს.
ერთადერთი და ყველაზე მტკივნეული შედეგი, რაც თქვენ მიერ გავრცელებულ ტყუილებს მოაქვს, არის ჩემი ოჯახისა და ახლობლების განცდები ყველა ასეთი ნიუსის ნახვისას. რაც კიდევ უფრო დიდ ძალას მაძლევს მეტი ვიშრომო ჩემი ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვი”, - წერს ბერიძე.