ორდღიანი სახალხო დღესასწაულის "ზესტაფონობა 2019"-ის ფარგლებში 27 ოქტომბერს მუნიციპალიტეტში რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი.
სახალხო დღესასწაულის მეორე დღეს გაიმართება საერთაშორისო ტურნირი ჭიადაობა-ძიუდოში, კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ღვინის ფესტივალი და იმერული სამზარეულოს პრეზენტაცია, რომელიც გიგანტური იმერული ხაჭაპურით დაგვირგვინდება.
მოგვიანებით, "საპატიო ზესტაფონელებს“ წარადგენენ და დააჯილდოვებენ. დღესასწაული კი ანსამბლ "ფორტეს", ნინო ჩხეიძის და ქართული ესტრადის სხვა მომღერლების კონცერტით დასრულდება.
სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა ზესტაფონში ტრადიციულად "ვარინკობით" დაიწყო, რომლის ფარგლებში უკვდავი "სულიკოს" მუსიკის ავტორის ვარინკა წერეთლის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა. ჩატარდა ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალი - "სულიკო 2019".