პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ ადასტურებს ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის ნათქვამს, რომ ის, ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მეუფეს პატრიარქის გადაყენებასა და მის ნაცვლად მოსაყდრე შიოს დანიშვნაზე ესაუბრნენ.
"პირველად გავიგე ეს ამბავი და ცოტა შოკირებული ვარ, მაგრამ ამის შემდეგ მახსენდება, რომ ეს ის მეუფეა, რომელიც ამბობდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო," - ამბობს გახარია.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ საკითხზე მისი სერიოზული კომენტარი ისაა, რომ პატრიარქი ილია II უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში წარსულის, დღევანდელობის და მომავლის სიმბოლოა.
"ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენ სახელმწიფოებრიობას კრავს", - ამბობს გახარია.
ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილი, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.