დღეს ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა განხორციელებული პროექტების და შედეგების პრეზენტაცია გამართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სტიმულირების გაზრდის მიზნით ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი 3 თვის წინ შეიქმნა
ახალგაზრდების კარიერული მხარდაჭერის ფარგლებში ცენტრმა სხვადასხვა კომპანიებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე უკვე მოახდინა 50-მდე ახალგაზრდის დასაქმდება/სტაჟირება აჭარის რეგიონში ოპერირებად 15-მდე ორგანიზაციაში.
3 თვის განმავლობაში რეგიონული ცენტრის ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 7500-ზე მეტმა ახალგაზრდამ. მოეწყო საზაფხულო საერთაშორისო სკოლა და საზღვარგარეთ გაემგზავრა 21 ახალგაზრდა, AIESEC საქართველოსთან თანამშრომლობით წლის ბოლომდე საზღვარგარეთ სტაჟირება - დაუფინანსდება 30-მდე ახალგაზრდას, განხორციელდა შემეცნებითი ტურები, კიბერ ფესტივალი, მედია პროგრამა, ინტელექტუალური შეჯიბრებები და სხვა.
„ახალგაზრდობა და განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი და ამას ვამტკიცებთ საქმით. დაახლოებით 3 თვის განმავლობაში ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა ასობით ახალგაზრდას მისცა ახალი შესაძლებლობები. უნდა დავნერგოთ უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების კულტურა და დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრს ეს გამოუვა.
ჩვენ გვჭირდება ბევრი წარმატებული მოქალაქე ქვეყანაში. ჩემი მთავარი რჩევა ახალგაზრდების მიმართ იქნება - არ დაიზაროთ, ირწმუნეთ მომავლის, იყავით თქვენი საქმის სპეციალისტები" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ახალგაზრდობის ცენტრის მიერ განხორციელდა კვლევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ექვსივე მუნიციპალიტეტში და პროექტები სწორედ ახალგაზრდების საჭიროებებიდან გამომდინარე დაიგეგმა.
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ წარმატებით ხორციელდება პროექტები, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და კავშირების გამყარებას, ახალგაზრდების გადამზადებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას.
ახალგაზრდების კარიერული ხელშეწყობის და განხორციელებული პროექტების პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა.