"ბატონო ლევან, თქვენ წლის მასხარის ნომინაციაზე ხართ წარდგენილი" - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები გაჩერებულია.
ზარქუას თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, თბილისის მერია მასშტაბურ და ხარისხიან პროექტებს ახორციელებს და იმაზე მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე ეს წინა წლებში ხდებოდა.
"ჩვეულებრივი მასხარა ხარ, რომელიც დადის და საზოგადოებას ატყუებს. შენგან განსხვავებით, მე სიმართლეს ვამბობ და შესაბამისი არგუმენტებიც მომყავს. მინდა გითხრა, რომ საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები თვეების განმავლობაში ერთობლივ მონიტორინგს ვახორციელებთ. ვამოწმებთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას. მათ შორის: ჭავჭავაძეზე, ვეკუა-ხიზანიშვილსა და კახეთის გზატკეცილზე. თქვენ კი მუდმივად ჩასაფრებული ხართ და მასხარასავით იქცევით. ვიღაცამ უნდა გითხრათ სიმართლე. გუშინ, მე პირადად ვესწრებოდი ხიზანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო პროცესის პირველი ეტაპის დასრულებას. კომედი შოუს მსახიობი ხარ, ლევან"- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ირაკლი ზარქუამ ტაქსების რეფორმაზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ოპოზიციის დიდი სურვილის მიუხედავად, რომ ტაქსების რეფორმა ჩავარდნილიყო, ის წარმატებით მიმდინარეობს.
"ძალიან დიდი სურვილი გქონდათ, რომ ეს რეფორმა ჩავარდნილიყო. ტაქსების რეფორმა განხორციელდა და მინდა გითხრათ, რომ წარმატებულადაც. დედაქალაქში 27 ათასზე მეტი ტაქსია რეგისტრირებული, მათგან 30%-მა ვერ გაიარა შესაბამისი ტექნიკური დათვალიერება. ქალაქში უკვე 9900 თეთრი ფერის ტაქსი მოძრაობს. 8 000-ზე მეტი კი "B" კატეგორიისა. თქვენს გარდა ტაქსების რეფორმით ყველა კმაყოფილია", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.