ოდესაში არის პლაჟი, რომელსაც სააკაშვილის პლაჟს ეძახიან, - ამის შესახებ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეოჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ის ახლა იმყოფება ოდესაში და მასთან მივიდა ადამიანი, რომელმაც მოუყვა, რომ ბათუმში ააშენა კორპუსი და მშენებლობის ნებართვაში ქრთამი გამოართვეს. გარდა ამისა, მისივე თქმით, ბათუმელმა დეველოპერმა უთხრა, რომ თბილისში კორპუსის აშენებაზე კალაძეს გადაუხადა ფული და საერთოდ, კალაძე ფულს იღებს ყველა კორპუსიდან, ყველა სამშენებლო ნებართვიდან.
"მე ამას იმიტომ გიყვებით, რომ ახლა ბევრი დისკუსიაა, უნდა შერჩეთ თუ არ უნდა შერჩეთ. აქ გვერდზე არის და ახლაც ბანაობს ხალხი, პლაჟი რომელსაც ოდესელები ეძახიან სააკაშვილის პლაჟს. ეს არის ძალიან ლამაზი ადგილი, მიტაცებული ჰქონდა ერთ კიეველ მილიარდერს და როდესაც მე აქ გავხდი გუბერნატორი, მივედი ბულდოზერებით, ჩამოვხსენი ეს ღობე, გავუხსენი ხალხს, დავიწყეთ ამ პლაჟის მოწყობა და დაარქვეს სააკაშვილის პლაჟი. რამდენიმე ასეთი პლაჟი დავუბრუნე მე ოდესელებს, რომელიც მიტაცებული ჰქონდათ ადგილობრივ თუ კიეველ ოლიგარქებს.
ახლა მინდა გკითხოთ, უფრო სამართლიანი იქნებოდა რომ გვეთქვა, ყველას ყველაფერი უნდა შერჩეს, ეს პლაჟი უნდა იყოს ოლიგარქის საკუთრებაში, სამართლიანი უნდა იყოს თუ არა ის, რომ ივანიშვილს შერჩეს ბოტანიკური ბაღი, რომლის დიდი ნაწილიც მიიტაცა? სამართლიანი იქნება თუ არა, რომ ივანიშვილს შერჩეს დენდროპარკი, რომელიც ამოთხარა, მთელი საქართველო გადათხარა? თუ სამართლიანი იქნება ის რომ ეს დაუბრუნდეს ქართველ ხალხს და მაგალითად ზღვა დაუბრუნდეს თავის ნაპირებს და არა ისე როგორც ივანიშვილმა მიიყვანა თავის სახლთან და მიწა დაფარა“, – განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ „საქართველოში უნდა გათენდეს და ამას წყალი არ გაუვა, გათენდება კიდევაც", - თქვა სააკაშვილმა.