რაც ახალგაზრდა გოგომ თქვა, ეს შავი პიარია, რომელიც მიმართულია ავტორიტეტული მაჟორიტარი დეპუტატების მიმართ - ჯიშკარიანი
რაც ახალგაზრდა გოგომ მოყვა, ყველაფერი არის ტყუილი, ყველაფერი არის შეთითხნილი, ეს არის შავი პიარი. მიმართული არის ავტორიტეტული მაჟორიტარი დეპუტატების მიმართ, - განაცხადა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი და ამან ძალიან იმოქმედა მასზე.
“ჩემი ავადმყოფობის გამო ვერ შევძელი, საზოგადოებას გავაგებინო, რა არის სიმართლე. რაც ახალგაზრდა გოგომ მოყვა, ყველაფერი არის ტყუილი, ყველაფერი არის შეთითხნილი, ეს არის შავი პიარი. მიმართული არის ავტორიტეტული მაჟორიტარი დეპუტატების მიმართ. იყო ასეთი შემთხვევები, ნინოწმინდაში. ახლა მოხდება აქ, ხვალ მოხდება სხვაგან და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ილია ჯიშკარიანს სხვადასხვა ენჯეოს წარმომადგენლებმა და მედიასაშუალებებმა განაჩენი გამოუტანეს. ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი და ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. არსებობს ჩვენს ქვეყანაში სასამართლო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს იძახიან, რომ ილია ჯიშკარიანს უდგას ხელისუფლება, პარტია. თუ მიდგას, აგერ ჩანს ყველაფერი, რა მძიმე ბრალი წამიყენეს სამართალდამცავებმა“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პროცესი საავამყოფოში გაიმართა. გირაოს გარდა, ჯიშკარიანს თამთა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე მოწმეებთან კონტაქტი აეკრძალა.
შეგახსენებთ, თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო, ილია ჯიშკარიანს კი ბრალი წაუყენა.