არსად გადადგომას არ ვაპირებ, არ მიცხოვრია ისე, რომ რამე დამემალოს, მით უმეტეს დიპლომი არ მაქვს დასამალი, - განაცხადა მოქმედმა პროკურორმა და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძე პარლამენტში მისი დიპლომის შესახებ ლევან კობერიძის კითხვის საპსუხოდ.
„რატომ უნდა გადავდგე, იმიტომ, რომ ვიღაცა ეჭვიანობს? რა საგამოძიებო კომისია გვინდა, გვაქვს რაიმე დოკუმენტი, სადაც წერია, რომ შალვა თადუმაძის დიპლომი არის ყალბი ან შალვა თადუმაძეს არ შეეძლო იმ დროს ასეთი განათლება მიეღო და ასეთი დიპლომი ჰქონოდა? ასეთი დოკუმენტი არ არსებობს. არსად გადადგომას არ ვაპირებ, არ მიცხოვრია ისე, რომ რამე დამემალოს, მით უმეტეს დიპლომი არ მაქვს დასამალი“, - თქვა თადუმაძემ და აღნიშნა, რომ ის 2001 წლიდან აქტიურ იურიდიულ საქმიანობას ეწევა და მისი დიპლომის ნამდვილობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია.
„2006 წელს აქტიურ საადვოკატო საქმიანობას ვეწეოდი, ამ დიპლომით წარვდექი ადვოკატთა ასოციაციაში, ჩავაბარე გამოცდები და მივიღე ადვოკატის საქმიანობის ლიცენზია და ახლა იმიტომ, რომ რამოდენიმე ან არაკვალიფიციური ან არაკეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაცია ეჭვიანობს ჩემ დიპლომზე, ამიტომ მე 18 წელი ჩემი მუშაობა გადავდო და დაველოდო, საგამოძიებო კომისია იტყვის თუ არა, ჩემი დიპლომი არის თუ არა ნამდვილი. ახლავე გეუბნებით, რომ საგამოძიებო კომისია იტყვის, რომ ეს დიპლომი არის ნამდვილი. იმიტომ რომ ეს დიპლომი არის ნამდვილი. ვინმეს მოწონს თუ არ მოსწონს, ეს დიპლომი გაიცემოდა კანონის თანახმად, მე მქონდა შესაძლებლობა, ეს დიპლომი მიმეღო, მივიღე და ამ დიპლომით ჩემი კარიერა შევქმენი” , - თქვა თადუმაძემ.