რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა, შესაძლოა, ნოემბრიდან აღდგეს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შესაძლოა ნოემბრიდან აღდგეს.
რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო ფრენების განახლებას თვეზე მეტი დრო დასჭირდება. ეს ვადა კი საჭიროა პროფილური უწყებების კოორდინირებული მუშაობისათვის.
იმისათვის, რომ რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგეს რიგი პროცედურებია გასავლელი. ჯერ რუსეთის მთავრობამ შესაბამისი განკარგულება უნდა გამოსცეს და ამის შემდეგ, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ და "როსავიაციამ" ავიარეისების აღდგენაზე ქართულ მხარესთან დიალოგი და მოლაპარაკებები დაიწყოს. სამთავრობო დონეზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ კი ავიაკომპანიებს დაახლოებით ორი კვირა დასჭირდებათ განრიგის შესადგენად და შესათანხმებლად.
რუსული მედია წერს, რომ ფრენების განახლებაზე ამ დროისათვის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუ რამდენიმე დღეში დადებითი გადაწყვეტილება მართლაც იქნება მიღებული, მაშინ ნოემბრისათვის ყველა პროცედურა დასრულებული უნდა იყოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, ის ავიამიმოსვლას აღადგენდა, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმეტესებამ გაიაზრა საქართველოს პარლამენტში მომხდარი პროვოკაციის უარყოფითი ხასიათი. "მე ყოველთვის ვემხრობოდი საქართველოსთან მეგობრობას", - თქვა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა 21 ივნისს ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტის თაობაზე, რომელიც ძალაში 8 ივლისიდან შევიდა. რუსეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გამო, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები შეცვალა და მგზავრებს თბილისი-(ერევანი)-მოსკოვი, (ერევანი)-თბილისის მარშრუტით ემსახურებოდა.