ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 538 ახალი შემთხვევა.
სულ შიდსის ცენტრში, დღეისათვის, 7882 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათ შორის 5913 მამაკაცია, 1969 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4184 პაციენტს განუვითარდა, 1599 გარდაიცვალა.
არვ მკურნალობას იტარებს 4833 პაციენტი, მათ შორის 43 – ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:
38.6 % - ნარკოტიკებისინექციური მომხმარებელია;
47.6 % - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;
11.3 % - არიან მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;
1.3 % - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;
0.5 % - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % - გადაცემის გზა დაუდგენელია.
აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2906 შემთხვევა), შემდეგ სამეგრელოსა – 1113 და იმერეთში – 956; 877 შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში, აფხაზეთში –516; კახეთში –386, ქვემო ქართლში –446, შიდა ქართლში –284, გურიაში –169, სამცხე-ჯავახეთში –102 და ა.შ.
დროული გამოვლენისა და მკურნალობის შემთხვევაში აივ ინფიცირებული პირები დიდხანს და სრულყოფილი ცხოვრებით ცხროვრობენ. ტესტირება და მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი. შიდსის ცენტრის ცხელი ხაზი: 2398018