27 ოქტომბრიდან უკრაინული "ლოუკოსტერი" SkyUp-ი კიევიდან შრი-ლანკის ყოფილი დედაქალაქის კოლომბოს მიმართულებით იწყებს რეგულარული ავიარეისების განხორციელებას.
რეისები, კვირაში 2 სიხშირით, ტუროპერატორ Join UP!-თან პარტნიორობით განხორციელდება. ცნობილია, რომ Boeing 737-ი, რომლითაც SkyUp Airlines-ი კოლომბოს მიმართულებით იფრენს, საწვავის შესავსებად არაბეთის გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთ ქალაქში 1,5 საათით გაჩერდება. ამ დროს კი მგზავრები ბორტზე იქნებიან და ჩამოსვლა არ მოუწევთ.
რეისი კიევიდან 22:00 საათზე განხორციელდება, ხოლო დანიშნულების ადგილზე კოლომბოს დროით 13:00 საათზე იქნება. მგზავრობის დრო 11:45 საათს შეადგენს.
როგორც SkyUp Airlines-ში აცხადებენ, ავიაკომპანიის მიერ შეთავაზებული მგზავრობის ხანგრძლივობა, ორივე მიმართულებაზე 7 საათით ნაკლებია, ვიდრე სხვა ავიაკომპანიების მიერ შეთავაზებული ფრენების ხანგრძლივობა.
კიევი-კოლომბო-კიევის ავიაბილეთი ორჯერად კვებასაც მოიცავს. ბორტზე კვება კი სენდვიჩს და ცხელ და ცივ სასმელებს ითვალისწინებს. დამატებითი კვების მისაღებად კი მგზავრს ფასიანი მენიუს - Celebrate your flight მოთხოვნა შეუძლია.