აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს პროგრამის "სწავლა საზღვარგარეთ" სტიპენდიანტებისთვის ახალი პირობების გაწერა დაავალა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თორნიკე რიჟვაძის ინიციატივის თანახმად, მთავრობის დაფინანსებით საზღვარგარეთ განათლებამიღებული სტუდენტები სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ და რეგიონის მასშტაბით, საჯარო სექტორში არანაკლებ 2 წლით დასაქმდნენ.
რეგიონის პირველი პირი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ახალგაზრდების დასავლური ცოდნა და გამოცდილება ქვეყნისს და რეგიონის გაძლიერებას მოხმარდეს.
სტიპენდიების პროგრამა "სწავლა საზღვარგარეთ" აჭარაში 2014 წლიდან მოქმედებს. პროგრამა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლების დაფინანსებას ითვალისწინებს.
პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად დაახლოებით 30 %-ით იზრდება, შესაბამისად მატულობს სტიპენდიანტთა რაოდენობაც.
დაფინანსებულია 60 სტუდენტი, მათ შორის წელს, კონკურსის წესით, დაფინანსება მოიპოვა 18-მა აპლიკანტმა. პროგრამის ბიუჯეტი 2019 წელს 675 000 ლარია.