1-7 სექტემბერს, ეროვნულ სასახლეში (რუსთაველის 6), თბილისის მერიისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართება პირველი საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი TBILISI PIANO FEST, რომლის ფარგლებშიც მსმენელის წინაშე წარდგებიან მსოფლიო მნიშვნელობის პიანისტები.
სპეციალურად ფესტივალისთვის ფორტეპიანოების ერთ-ერთმა წამყვანმა გერმანულმა მწარმოებელმა BECHSTEIN, რომლის სარეკლამო სახეც ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილია, საქართველოში ჩამოიტანა ექვსი საკონცერტო როიალი.
ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება 1 სექტემბერს 16 საათზე, ორბელიანის განახლებულ მოედანზე. კონცერტზე დასწრება უფასოა და მას წარუძღვება ცნობილი ესტონელ-ამერიკელი დირიჟორი კრისტიან იარვი. სოლისტია დუდანა მაზმანიშვილი, რომელიც ჯორჯიან სინფონიეტასთან ერთად შეასრულებს ბახის, ყანჩელისა და კრისტიან იარვის ნაწარმოებებს. კონცერტში მონაწილეობას იღებს აგრეთვე ესტონელი DJ სანდერ მოელდერი. 1 სექტემბერს 20 საათზე კი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის კარი იხსნება პირველი საფესტივალო საღამოსთვის, რომელის ფარგლებშიც ნიუ იორკელი პიანისტი ჯეფრი სუონი ვაგნერის შემოქმედებას გააცნობს ქართველს მსმენელს.
ფესტივალის ბილეთები იყიდება biletebi.ge-სა და ბიბლუსის სალაროებში. ყოველი საფესტივალო დღის 15 საათზე სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართება ღია მასტერ-კლასები, რომლებზე დასწრებაც მსურველთათვის აგრეთვე უფასოა. ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსებისათვის კი დაწესებულია სპეციალური პრიზები.