საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ალაზნის ველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მუშაობა დაასრულა. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად დაახლოებით ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები გამოვლინდა.
ალაზნის ველზე, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა გუნდმა, გეოფიზიკური დაზვერვების შედეგად, დაახლოებით 1 ჰექტარზე განფენილი, სავარაუდოდ, ნახანძრალი ნაგებობის ნაშთები დააფიქსირა. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა რთული გეგმარების ნაგებობა - სასახლის ცენტრალური ექვსსვეტიანი დარბაზი. 1,5 მეტრი სისქის კედლები ალიზის აგურითაა ნაგები. დარბაზის ხის სვეტები კირქვის ზარისებრი ფორმის ბაზისებს ეყრდნობა. ასევე, გამოვლინდა ალიზის აგურით ნაშენები კვადრატული პოდიუმი, რომელზეც, სავარაუდოდ, ტახტი ან საკურთხეველი უნდა მდგარიყო.
ბაზისების ზარისებრი ფორმა, ისევე როგორც ამავე ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილი არქიტექტურული დეტალი - სავარაუდოდ კაპიტელის დეკორი, შესაძლებლობას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ეს ნაგებობა აქემენიდური ხანისაა და ქრისტეს შობამდე დაახლოებით V-IV საუკუნეებით უნდა დათარიღდეს. როგორც ცნობილია, ზარისებრი ბაზისების ფორმა შემუშავდა ძვ.წ. V საუკუნის დასაწყისში აქემენიანთა სპარსეთის იმპერიის ცენტრებში - სუზასა და პერსეპოლისში და ლოტოსის ორნამენტიც აქემენიდური ხელოვნებისთვისაა დამახასიათებელი. ამავე პერიოდს, ძვ.წ. V საუკუნეს, განეკუთვნება ახლადაღმოჩენილი ნაგებობიდან სულ ორიოდე კილომეტრში, 1994-1995 წლებში, გათხრილი ე.წ. გუმბათის სასახლე, რომლის ზარისებრი ბაზისები საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმშია გამოფენილი.
ახლადაღმოჩენილი სასახლის ნაშთები მიწის ზედაპირიდან სულ ორმოციოდე სანტიმეტრში მდებარეობს და გუთნით ხვნის შედეგად ძლიერაა დაზიანებული. ზარისებური ბაზისების კვეთილი დეკორი, როგორც ჩანს, ხანძრის შედეგად დაზიანდა და მხოლოდ რამდენიმე ბაზისის ქვედა ნაწილშია შემორჩენილი.
ქართულ-გერმანული საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელია - გერმანიის მხრიდან დოქტორი კაი კანიუტი (მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი), ქართული მხრიდან კი საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-კონსულტანტი იულონ გაგოშიძე. ექსპედიციაში ჩართული იყო გერმანელ გეოფიზიკოსთა ჯგუფი იორგ ფასბინდერის ხელმძღვანელობით; არქეოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობდნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნხენის უნივერსიტეტის სტუდენტები.