აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთის მოსახლეობას მნიშვნელოვანი სახალხო დღესასწაული შუამთობა მიულოცა.
საზეიმო კონცერტი შუახევში, ზღვის დონიდან 2 100 მეტრზე, გომის მთაზე გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ მემთეურებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ შუამთობის დღესასწაული არის მთის ტრადიციებისა და სიძლიერის კიდევ ერთი კარგი გამოხატულება.
მთავრობის თავმჯდომარემ აჭარაში სამთო ტურიზმის განვითარების პერსპექტივაზეც ისაუბრა.
"ძალიან ბევრს ვაკეთებთ, რომ მთაში ტურიზმი განვითარდეს. ჭვანის ხეობაში ჩვენ დავიწყეთ არაერთი ძალიან ამბიციური ტურისტული პროექტი და დარწმუნებული ვარ, რომ გომის მთა გახდება კიდევ ერთი ახალი, განვითარებული ტურისტული მიმართულება" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვის გამოსვლისას.