ჩვენ ქვეყანას საერთო მტერი ჰყავს - რუსეთი, ივანიშვილი, მისი გარემოცვა და მის მიერ დაქირავებული ადამიანები. ჩვენ ყველა ამ ბრძოლაში ვართ, მე როგორც ერთ-ერთი თქვეთაგანი, რიგითი ჯარისკაცი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა.
მიხეილ სააკაშვილი რუსთაველზე მიმდინარე აქციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ იქ მყოფი ახალგზარდები ჯანსაღი, კრიტიკულად მოაზროვნე და თავისუფლების მოყვარული თაობაა და ის ამ ბრძოლაში ერთ-ერთი მათგანია.
„სოციალურ ქსელებში მიმდინარე ახალგაზრდების დისკუსიას ყურადღებით ვაკვირდები. მინდა იცოდეთ, თითოეული თქვენთაგანის აზრი, რაოდენ კრიტიკულიც არ უნდა იყოს ჩემს ან ჩემი გუნდის მიმართ, ჩემთვის მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია. თითოეული ახალგაზრდა, ვინც დღეს რუსთაველზე დგას, გულწრფელად ებრძვის უსამართლობას და იცავს საქართველოს თავისუფლებას, არის ძვირფასი ჩემთვის. თქვენ ჩემი შვილების თაობა ხართ, ჯანსაღი, კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფლების მოყვარული თაობა. თაობა, რომელიც ვარდების რევოლუციის თაობაცაა. ჩვენ ქვეყანას საერთო მტერი ჰყავს - რუსეთი, ივანიშვილი, მისი გარემოცვა და მის მიერ დაქირავებული ადამიანები. ჩვენ ყველა ამ ბრძოლაში ვართ, მე როგორც ერთ-ერთი თქვეთაგანი, რიგითი ჯარისკაცი’,- წერს სააკაშვილი.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მას და მის გუნდს ქვეყნისთვის ბევრი გაუკეთებიდა და შენების დიდი გამოცდილება აქვს.
„თქვენ შეიძლება ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ხედვები მოგწონდეთ, ან არა. შეიძლება ჩემს პოზიციას იზიარებდეთ, ან არა ისევე, როგორც მე მაქვს უფლება გამოვხატო ჩემი მოსაზრებები, მით უფრო, მე და ჩემს გუნდს ბევრი გაგვიკეთებია და ამ ქვეყნის შენების დიდი გამოცდილება გვაქვს. იყო შეცდომებიც, მაგრამ ჩვენ ვიყავით ის ძალა, ვინც პირველად დაამკვიდრა პოლიტიკური პასუხისმგებლობის ტრადიცია, აღიარა არჩევნების შედეგები და მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება.
ამავე დროს, მე ქედს ვიხრი ჩვენი მხარდამჭერების წინაშე, ვისაც მხოლოდ საქართველოს გამარჯვება ამოძრავებს, ვინც გაუძლო მძიმე წნეხს და ზეწოლას, ვის თავზეც გაიარა უამრავმა ქარტეხილმა. ამ ადამინებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ დღეს საქართველოში ცვლილებების მაღალი შანსი გაჩნდა. ისინი არ არიან "პარტაქტივი", ისინი არიან თავისუფლების, წარმატებული საქართველოს იდეით შეპყრობილი პატრიოტი და მებრძოლი ადამიანები”,- აღნიშნავს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი.