12 ივლისს რეჯო კალაბრიის ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალზე Xeria Book Fair, საპატიო სტუმრის რანგში, ქართველი პოეტის, მთარგმნელის, აღმოსავლეთმცოდნის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი ლობჟანიძის პოეზიის საღამო გაიმართება, 13 ივლისს კი გიორგი ლობჟანიძეს ქალაქ პერუჯასთან, ტრაზიმენოს ტბის შუაგულში მდებარე კუნძულ პოლვეზეზე პოეზიის საერთაშორისო ფესტივალი „პოეზია და ევროპა" უმასპინძლებს.
გიორგი ლობჟანიძის შემოქმედებით არაერთი საერთაშორისო ფესტივალი ინტერესდება. გასულ წელს იგი თბილისის ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალსა და გენუის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა. პროექტ „ცოცხალი წიგნებისა" და წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, „გამომცემლობა ჯულიანო ლადოლფის" მიერ დასტამბული კრებულის „4 + 4= ∞" გამოსვლის შემდეგ კი გიორგი ლობჟანიძემ სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალების მიწვევა მიიღო.
გიორგი ლობჟანიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი არაბული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1996-1999 წწ. სწავლობდა თეირანის (ირანი) სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურაში რელიგიათა და მისტიკის ისტორიის სპეციალობით. არის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი. თარგმნილი აქვს შუა საუკუნეებისა და არაბული და სპარსული ლიტერატურის არაერთი ნიმუში. მისი ერთ-ერთი მთავარი ნაშრომია მუსლიმთა საღვთო წიგნის, ყურანის ქართული თარგმანი ვრცელი სამეცნიერო შესავლითა და კომენტარებით.