საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებებით, პირველ და მეორე კვარტალში მოქალაქეთა სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში, 626 763 ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 6 თვეში სემეკმა 54 საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგებით გათვალისწინებული 1312 საკითხი განიხილა. მათი უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებულ დავებს. მოქალაქეთა საჩივრები კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, მრიცხველის საფასურს, კომპანიების დადგენილებებს მოქალაქეთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე.
საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ენერგოომბუდსმენმა.
სემეკი შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზეც.