2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშების საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის აფხაზეთის სანაპიროს მდინარეებიდან უკვე ამოღებულია და რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებული დიდი რაოდენობით ინერტული სამშენებლო მასალები, როგორიცაა ქვა და ქვიშა. თუ სიტუაცია უახლოეს წლებში ამ კურსით განვითარებას განაგრძობს შავი ზღვის სანაპირო ზონის უნიკალური ეკოსისტემა რეაბილიტაციას ვეღარ დაექვემდებარება.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ინფორმაცია იმ განცხადებებს ეფუძნება, რომელიც რამდენჯერმე გააკეთეს, როგორც რუსეთის ფედერაციის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს არაერთგზის მოუწოდა სათანადო ყურადღება მიაქციოს საქმიანობას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოში, აფხაზეთის სანაპიროს ეკოსისტემის.
1982-1990 აფხაზეთის სანაპიროების ინტენსიური აღდგენის და რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობდა (იხ. სურათი-1, სურათი 2). აღნიშნული ღონისძიებები განხორციელდა აფხაზეთის ბუნებრივი გარემოს შენარჩუნების მიზნით, როდესაც ამ სანაპიროდან არ ხდებოდა ინერტული მასალების მოპოვებოდა. ახლა, როდესაც ნაპირდაცვითი ღონისძიებები არ ჩატარებულა გასული საუკუნის 90-იან წლების შემდეგ, ინერტული მასალების მოპოვების ფონზე გაძლიერებულია ნაპირების დესტაბილიზაციის პროცესი.
სამართლებრივი ასპექტების გარდა, აფხაზეთის მდინარეებიდან ინერტული მასალების მოპოვება გამოიწვევს სანაპირო ზონის წარეცხვას, სანაპიროების (პლაჟების) დეგრადაციას, ახალი პრობლემური კერების შექმნას და არსებული მდგომარეობის გამწვავებას. ასეთი მაგალითები მრავლად არსებობს როგორც აფხაზეთში,ისე მსოფლიოს სხვა ადგილებშიც.
აფხაზეთი მართალია, გამოირჩევა თავისი უნიკალური ბუნებით, მაგრამ ამ რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი სწორედ სანაპირო ზოლია ულამაზესი პლაჟებით. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას შეშფოთება გამოხატა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გარემოზე მიყენებულ ზიანზე, რაც დაკავშირებულია სოჭის ოლიმპიადის სამშენებლო მიზნებისათვის სანაპირო ზონიდან ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან და საქართველოს პარტნიორებს მიმართა თხოვნით, დაეხმარონ სიტუაციის მონიტორინგში.
საერთაშორისო ოლიმპიურმა თამაშებმა ხელი უნდა შეუწყოს ერებს შორის მშვიდობას და მეგობრობას ბუნებრივ გარემოზე შეუქცევადი ზიანის მიყენების გარეშე