საქართველო წითელას დაავადების გამოვლენის 4678 შემთხვევით, ევროპაში მე-2 ადგილზეა, - ამის შესახებ წერია Gallup-ის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებში, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაკვეთით ჩაატარა. კვლევის შედეგები „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა.
კვლევის შედეგების მიხედვით, წითელას შემთხვევებით, პირველ ადგილზე, უკრაინაა - 78 659 შემთხვევით. მესამე ადგილს, 2028 შემთხვევით, საფრანგეთი იკავებს.
კვლევა ძირითადად ვაქცინიციის მიმართ მოქალაქეების ნდობის ხარისხს ეხებოდა. საქართველოში გამოკითხულთა 84 პროცენტი ამბობს, რომ მათ შვილებს ერთი ან მეტი გეგმიური ვაქცინაცია აქვს ჩატარებული. შედეგებმა აჩვენა, რომ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ვაქცინის მიმართ ნდობა უარესდება.
გარდა ამისა, საქართველოში გამოკითხულთა 70 პროცენტი თანხმდება, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა, 9 პროცენტი კი ფიქრობს რომ ვაქცინაცია უსაფრთხო არ არის. გამოკითხულთა 77 პროცენტის აზრით, ვაქცინაცია ევექტურია, ხოლო საწინააღმდეგოს ფიქრობს 5%.
საქართველოში გამოკითხულთა 90 პროცენტი მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია ბავშვების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, 4%-ს კი საწინააღმდეგოს ფიქრობს.