საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ვიტალი კლიჩკოს პარტია „უდარის“ თავმჯდომარეობაზე და მასთან ერთად არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება.
4 ივნისს კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ სააკაშვილს შესთავაზა მისი პარტიის თავმჯდომარეობა და რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობა. ვიდეომიმართვაში, რომელიც მან „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა, განაცხადა, რომ მზად არის უკრაინაში დაბრუნებულ სააკაშვილს „პოლიტიკურად მხარში ამოუდგეს“.
მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მაქალაქეობა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 მაისს დაუბრუნა, 29 მაისს კი სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა.
4 ივნისს ზელენსკის გუნდში სააკაშვილთან თანამშრომლობა არ გამორიცხეს. პრეზიდენტის წარმომადგენელმა უმაღლეს რადაში რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე იმსჯელებდნენ. ბრიუსელში მყოფმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე საკაშვილისთვის თანამდებობის მინიჭების საკითხს არ განიხილავს.
თავად სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური ამბიციები არ გააჩნია და რაიმე თანამდებობის დაკავებისკენ არ ისწრაფვის.