ცხინვალში ფიჭური კავშირგაბმულობის ახალი ოფისის "ოსტელეკომის" გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, "ოსტელეკომის" პარტნიორი რუსული კომპანია "მეგაფონია".
"ოსტელეკომის" ოფისის გახსნას ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი და ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაარსების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჩასული ყველა სტუმარი ესწრებოდა.
ოსური მედია აღნიშნავს, რომ "ოსტელეკომი" ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოქმედი ერთადერთი ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორია, რომლის დაფარვის ზონაშიც შედის - ცხინვალი და მისი რაიონი, ძაურის რაიონი, ახალგორისა და ზნაურის რაიონები.