შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი, გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე–პრეზიდენტს, ანდრეა შუმახერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული მიგრაციული ტენდენციები და საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ამ მხრივ მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული კონკრეტული ღონისძიებების მნიშვნელობა.
მინისტრის მოადგილე მიესალმა გერმანიის მიერ მიგრაციის მეკავშირე ოფიცრის მოვლენას საქართველოში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო გერმანიასთან წარმატებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობას და საქართველოს მიერ რეადმისიის შეთანხმების ეფექტიან განხორციელებას. მხარეებმა, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმატებული მუშაობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე. ანდრეა შუმახერმა ხაზი გაუსვა გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების კუთხით არსებულ მდგომარეობას.
ვიცე-პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება და ევროკავშირის/შენგენის წევრი 13 ქვეყნის მსგავსად გერმანიაც აღიარებს საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი ღონისძიებების საკითხები განიხილეს.