სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს.
დაკავებულები არიან ორგანიზატორები - ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ., საფეხბურთო კლუბ „ჭიათურას“ ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ ფეხბურთელები რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელები ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.
2019 წლის 3 აპრილს, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურია“-ს მოსყიდულმა ფეხბურთელებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „თბილისის მერანსა“ და საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს.
ანალოგიურად, 2019 წლის 19 მაისს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს.
ხსენებული მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.
გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.