ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა. 19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკოში) დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის პრეს-სპიკერმა მედიას წინასწარი შედეგები გააცნო და აღნიშნა, რომ დეტალური მონაცემები ყველა დაინტერესებული მხარისთვის ცესკოს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
„სამწუხაროდ, კენჭისყრის დღეს, მათ შორის, ხმების დათვლის პროცესში, იკვეთებოდა სარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის, საქმიანობის ხელის შეშლის ტენდენცია, რაც კანონიერი მექანიზმების გამოყენების გარეშე, შეუძლებელს ხდიდა საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ფუნქციების განხორციელებას.
ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ დაფიქსირდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გადამეტება და პროცესის მიმდინარეობის ხელშეშლა. თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონის საფუძველზე, პროცედურების დაცვით, შეძლო კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესის დროულად დასრულება და ამომრჩეველთა ნების შედეგებში ასახვა“, განაცხადა ანა მიქელაძემ.
საბოლოო წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების 100 პროცენტის მიხედვით შემდეგია:
თბილისის №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი:
№ 13 შალვა შავგულიძე - 36,83 %
№35 გერმანე საბო - 4,76 %
№41 ვლადიმერ კახაძე - 41 %
№ 42 ლევან იოსელიანი 6,55 %
№43 კობა დავითაშვილი 2,91 %
№44 სოფიო ხორგუანი 2,64 %
№ 45 გრიგოლ გეგელია 3,14 %
წინასწარი მონაცემების მიხედვით აღნიშნულ ოლქში გაიმართება არჩევნების მეორე ტური. საარჩევნო კოდექსის თანახმად, მეორე ტური უნდა გაიმართოს პირველი ტურის კენჭისყრის დღიდან 25 დღის განმავლობაში და დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს ცესკო.
საოლქო საარჩევნო კომისია კი კენჭისყრის შედეგებს შეაჯამებს არაუგვიანეს 30 მაისასა.