გურჯაანის მერიის, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და საქართველოს მწერალთა კავშირის მხარდაჭერით გურჯაანში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, პოეტ რეზო სტურუას პოეზიის საღამო ჩატარდა.
„ათი წელია რაც რეზო სტურუამ შემოაღო კარი, შემოაბიჯა ქართული პოეზიის სარბიელზე და მიმაჩნია, რომ ეს არის ბედნიერი შემთხვევა ქართული ლექსისთვის. მან გამოაქვეყნა ლექსების სამი კრებული და აი, ახლა ჩვენს წინ დევს ლექსების რჩეული, რომელიც ძალიან კარგი გამოცემაა. მიმაჩნია, რომ თავისი დრამატიზმით, მაღალი პოეტური რეგისტრით, შინაგანი თავისუფლებით, მხატვრული სახეებით, გამორჩეული წიგნია ქართულ პოეზიაში. როგორც სულგანათლებულმა თემურ ქორიძემ ბრძანა, ის არის პოეტი – სიყვარულის დესპანი“, - ასე შეაფასა რეზო სტურუას პოეზია მწერალმა, ნოველისტმა, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ რეზო მიშველაძემ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ რეზო სტურუას საქართველოს მწერალთა კავშირმა გალაკტიონის პრემია მიანიჭა.
რეზო სტურუა რამდენიმე კრებულის ავტორია, კრებულმა „ლექსები“ გალაკტიონის პრემია დაიმსახურა. კრებულში თავმოყრილია ყველა ის ლექსი, რომელიც ავტორის აზრით, საუკეთესო და საეტაპოა მის შემოქმედებაში. სწორედ კრებული „ლექსები“ იქნა წარდგენილი გურჯაანელი პოეზიის მოყვარულთათვის.
მარინა დოლენჯაშვილი, პედაგოგი: „გავეცანი ბატონი რეზო სტურუას ლექსებს, გამაოცა ესთეთიკურმა სამყარომ, რომელიც მშვიდი, გაწონასწორებული, ეთიკურია. ყველაფერი ისეა დაწმენდილი, დაწყობილი, ზნეობრივად ამაღლებული, რომ თითქოს არ იგრძნობა ლირიკული გმირის, პოეტის მღელვარება, რომელიც სულის სიღრმეშია „დამალული“. მის თითოეულ სტრიქონში ჩანს ზღვარდაუდებელი სიყვარული ერისა და ქვეყნისა, ოჯახისა. ბატონი რეზო გრძნობს ერის გულისცემის, ადგილის დედასავით ეთაყვანება მშობლიურ ქალაქ ბათუმს, საქართველოს მხარეებს, განსაკუთრებით, კახეთს“.
„რქაწითელმა მზე აცთუნა, / ოქროს მძივებით შემოსა, / ჯერ საწნახელში ჩაკეტა, / მერე ყანწებზე შემოსვა. / მოტაცებული ქალივით, / ბედი ჰქონია ასეთი, / უზომოდ შეჰყვარებია
კახელები და კახეთი“.
ნუნუ ყალაბეგაშვილი, პოეტი: „მადლობელი ვარ, რომ დღეს შევხდი და გავიცანი პოეტი რეზო სტურუა, რომელიც შოპენის სიტყვებით მინდა დავლოცო: შენი გენია წაგიყვანს შენ“.
„ახლა, ამ ბოლოს / უფრო ხშირად / მეკითხებიან, / ამ უღმერთობას, / ამდენ ცოდვილს /
რა ეშველება?! / ადამიანის სიცოცხლის დრო / ამ ქვეყანაზე / საკმარისია / მოკლეა, თუ / გრძლად მეჩვენება?! / მე კი ვპასუხობ: / გააჩნია, / როგორ შეხედავ, / დასაგროვებლად / ცოდვებისთვის / ალბათ გრძელია, / მაგრამ მოასწრო, / ის ცოდვები /
მოინანიო / ერთ ცხოვრებაში / დამერწმუნეთ / მეტად ძნელია“.
„რეზო სტურუას ლექსების კრებული უწყვეტი შემოქმედებითი პროცესის სიცოცხლისუნარიანობით არის აღბეჭდილი. ლექსები პოეტის შინაგანი სიმშვიდისა და აუმღვრეველი ბუნების ანარეკლია. ეპატაჟი და პერფორმანსული ბიძგები ამ ბუნებისთვის სრულიად უცხო მოვლენაა. ამიტომ არის, რომ ლირიკული მეტყველების ავტორისეული მანერა მკითხველში სრულ ნდობას და თანალმობას აღძრავს. ეს ერთგვარი „ერთსულოვნება“ თანაბარი ინტესივობით მოიცავს როგორც ბუნებრივ, ისე ადამიანურ წყაროებს“, – წერს ბატონი თემურ ქორიძე, რეზო სტურუას კრებულის – „ლექსები“ – შესავალ ნაწილში.
„მხოლოდ ღვთიური სისადავე“, – ასე აფასებს სტურუას ლექსებს პოეტი ცისანა ანთაძე და წერს: „ფერისცვალების ასაკში მობრძანდა რეზო სტურუა ქართული ლექსის ტაძარში. დიდი ცისკრის ლოცვაზე, პოეზიის ენით საგალობელი სიტყვები მას იმთავითვე სულში ელაგა. მობრძანდა და გაზაფხულგამოვლილი, საამო სურნელშერეული ლექსები შესთავაზა მკითხველს. ამგვარი დაგვიანების გამო, სინანულიც გაეპარა ერთდგან: „ნეტავი ადრე მცოდნოდა,/ზამთრის მოსვლას თუ ელოდი,/ზედმეტი ვნებით დამთვრალი/მაისში არ მოვკვდებოდი“. რასაკვირველია, ეს სინანული ქრისტიანის, მით უფრო პოეტის აღსარებას უთუოდ უნდა მოჰყოლოდა“.
რეზო სტურუას ლექსების ერთ-ერთი კრებულის რედაქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი წერს: “პოეტი და პოეტური სამყარო ერთ მთლიანობას ქმნის: გასაოცრად რეზონანსულია პოეტის ფიზიკურ-სხეულებრივი ნატურა მისი პოეტური სამყაროს თემებთან და მოტივებთან, მისი ლექსების რიტმში ახმიანებული სამყაროს სუნთქვასთან...
რეზო სტურუას პოეტურობის გაცხადება ტრადიციული საზომებით მოგვიანებით შედგა. მისი პოეტური გზნება, როგორც ჩანს, დიდხანს ელოდა თქმის დროს და მაშინ შეახსენა თავი, როდესაც მის არსებაში ვეღარ დაეტია და შინაგან “მესთან” დიალოგი ვეღარ იკმარა. აქ გასათვალისწინებელი და უთუო ანგარიშგასაწევი ისიცაა, რომ რ. სტურუას პოეტური ქრონოტიპი არცთუ დიდ დროჟამულობას მოიცავს. წარმოუდგენლედ მცირეა, სულ რაღაც წელიწად-ნახევარს ითვლის. მისი პოეტური გზნება ჭეშმარიტად ვულკანოიდურია, რადგან 100 ლექსის შექმნა ამ ეფემერულად მცირე დროში ყველაზე თამამი წარმოსახვისთვისაც კი გამაოგნებელია. ამ ლექსების ავტორს უჩვეულო შემოქმედებითი აღმაფრენის ჟამი უდგას: ყოველ ცისმარე დღეს ეს მხატვრული სამყარო გასაოცრად კარგი ლექსებით მდიდრდება... ეს კი იმასაც ცხადყოფს, რომ მკითხველს რეზო სტურუას პოეზიასთან არაერთი საინტერესო შეხვედრა ელის”.
„ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბატონი რეზო სტურუას ლექსების კრებულის, რომელსაც გალაკტიონის პრემია მიენიჭა, პრეზენტაცია ჩატარდა გურჯაანში. მნიშვნელოვანია ის, რომ პოეზიის საღამო ტარდება, დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების ფარგლებში. ფაქტობრივად სეზონი ამ ღონისძიებით გავხსენით. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ბატონი რეზოს დამსახურება დიდია როგორც გურჯაანის, ისე გურჯაანელების ცხოვრებაში. ბევრმა გურჯაანელმა გაიარა რეზო სტურუას თვალსაწიერში, მისი ზრუნვის არეალში და შესაბამისად მისი დამოკიდებულება გურჯაანის მიმართ ამითაც არის გამორჩეული.“ - განაცხადა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.