საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მიმართავს და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე მისთვის მოქალაქეობის აღდგენისკენ მოუწოდებს.
„შეუძლებელია აღადგინოთ კანონიერება? დამიბრუნოთ ჩემი უკრაინული პასპორტი და შემიშვათ უკრაინაში? თუ თქვენ არ გეშინიათ, თუ თქვენ მართლაც ასეთი მამაცი ხართ და გადაწყვიტეთ შეიცვალოთ, გაქვთ შესაძლებლობა ასე მოიქცეთ“, - განაცხადა სააკაშვილმა Facebook-ში განთავსებულ ვიდეომიმართვაში.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამისთვის პოროშენკოს 24 საათს არ მისცემს. „თქვენ ჯერ საკმარისი დრო გაქვთ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურამდე, რათა მოიქცეთ კანონისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ველოდები თქვენს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა სააკაშვილმა მიმართვაში.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიიღო, რომელიც პოროშენკომ 2017 წლის ივლისში ჩამოართვა.
2018 წლის 12 თებერვალს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კიევში დააკავეს და პოლონეთში გააძევეს. უკარინის სასაზღვრო სამსახურმა მას ქვეყანაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, 1 აპრილს ჩავიდოდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა.
ურაინის პრეზედენტის არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს იმართება.