„ბლუმბერგი” საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზასა და ბრექსიტის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„ჩვენ ამ ვითარებას განვიხილავთ შემართებით, რათა მივიღოთ მისგან მაქსიმალური სარგებელი. არსებობს ლოგიკა, რომ ქვეყანა, რომელიც სტაბილურად მიიწევს წინ და უახლოვდება ევროპას, არ განიხილებოდეს იმაზე ნაკლებად ვიდრე ქვეყანა, რომელიც სტაბილურად შორდება მას". განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში.
გამოცემაში აღნიშნეს, რომ საფრანგეთში დაბადებული და დეკემბერში არჩეული პირველი ქალი პრეზიდენტი, ქვეყნის მმართველი წინამორბედი პრეზიდენტებისგან განსხვავდება, რადგან მას მოლაპარაკების განსხვავებული სტილი აქვს.
„მე ევროპელი ვარ და, შესაძლოა, ევროპელ პარტნიორებს ვესაუბრები განსხვავებულად“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა საქართველო - ნატოს ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო გაწევრებისთვის აბსოლუტურად მზად არის.
„ჩვენ რომ წევრობის სამოქმედო გეგმა მიგვეღო, ყველამ იცის, ორ თვეში მზად ვიქნებოდით“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა რუსულ ოკუპაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ აპირებს რუსეთში ჩასვლას და პუტინთან დიალოგს.
„ თუ არ არის ძალიან მკაფიო ნიშნები იმისა, რომ რამე იცვლება, ფორმალურ თუ არაფორმალურ დიალოგში არ უნდა შეხვიდე იმ ქვეყანასთან, რომელსაც შენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, - თქვა მან ინტერიუში.
პრეზიდენტი გეგმავს, ყურადღება გაამახვილოს, თუ როგორ უნდა დააღწიოს საქართველომ თავი „პოსტსაბჭოთა სინდრომს და გახდეს ნამდვილად ევროპული საზოგადოება“ ისეთ საკითხებში, როგორიცაა შრომითი უსაფრთხოება, შშმ პირების ინკლუზია და კვებითი სტანდარტები.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს სურს, მისმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ჟენევის მოლაპარაკებების ტექნიკური ფორმატი, უფრო მაღალ პოლიტიკურ საფეხურზე დააყენონ, რადგან არსებული ფორმატი რუსეთზე არ ახდენს ზეწოლას.
ამასთანავე, აღნიშნულია რომ საქართველო ცდილობს გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რაც შეიძლება მოჰყვეს ბრექსიტს, რათა გახნას ევროკავშირის კარი ყველასთვის ღია, „განსხვავებული სიჩქარის ევროპაში“, რასაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მკაფიოდ უჭერს მხარს.
„ბათუმში დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერების კონფერენცია იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ წარადგინოს თავისი ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით აპირებს ის განვითარებას“, - აღნიშნა საქართველოს პრზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.