„მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ოპოზიცია ხართ, ჩვენ - უმრავლესობა, მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ ქვეყნის საერთო ინტერესებისათვის, იმიტომ რომ დღეს თავდაცვის სამინისტრო არის ლოკომოტივი ნატოს გზაზე“,- ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენლებს პლენარულ სხდომაზე, სადაც თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს.
ირაკლი სესიაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს უპასუხა და განაცხადა, რომ „მინისტრის საათის“ ფორმატში ოპონენტების მხრიდან წამოსული პროპაგანდის ლუსტრაცია ხდება.
“გეტყვით, რატომ გავიხსენე წარსული - იმიტომ, რომ ზოგიერთი თქვენგანი დეპუტატი იყო მაშინ, ზოგი - მაღალი თანამდებობის პირი, ზოგი - მინისტრის მოადგილეც. თქვენ თქვენს ფუნქციებს არ ასრულებდით - არც საპარლამენტო კონტროლს ახორციელებდით, არც მინისტრებს უსმენდით, არც ნდობის ჯგუფს ატარებდით, არც კორუფციულ საკითხებს იკვლევდით, უსაქმურები იყავით“,- მიმართა დეპუტატმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.
ირაკლი სესიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში თავდაცვის სამინისტროში აუდიტის სამსახურს არავინ შეუშვებდა.