„საქართველოს ხელისუფლებამ ძირეული რეფორმები განახორციელა, რითაც საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას“ - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეოდორ მელესკანუმ თავის ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მელესკასნუს თქმით, ის უაღრესად დადებითად აფასებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. მინისტრმა საქართველოს ხელისუფლებას დაწყებული რეფორმების კურსის გაგრძელებისკენ მოუწოდა. „ეს ძალიან კარგი მიმართულებაა და თქვენ უნდა განაგრძოთ სვლა ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, საქართველო ნატოს წევრი გახდება“ - განაცხადა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ამ პოზიციას ბევრი მისი ნატოელი კოლეგა იზიარებს. „ჩვენ არ გვავიწყდება, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანების მთავარ კანდიდატებად აღიარეს. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სწრაფად მოხდება“ - აღნიშნა მელესკანუმ.
თეოდორ მელესკანუმ ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში საქართველოს აქტიურ მონაწილეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „თავისი ჩართულობითა და მხარდაჭერით, საქართველო პრაქტიკულად უკვე იქცევა როგორც ნატოს სრულუფლებიანი წევრი“.
თავის კომენტარში მინისტრმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ნატოს დასკვნით დოკუმენტში - დეკლარაციაში, რომლის მიღებაც ხვალ იგეგმება, განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის განვითარებისა და უსაფრთხოების გაძლიერების საკითხებს დაეთმობა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს 2019 წლის 2-5 აპრილს სტუმრობს. ნატო-ს საკითხებთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობის პარალელურად, დავით ზალკალიანი ნატოს წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებსა და აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება.