აჭარაში უპრეცედენტო ღირებულების მქონე საინვესტიციო პროექტის განხორციელება იწყება. ქობულეთში, 180 ჰა მიწაზე მულტიფუნქციური „მწვანე ქალაქი“ აშენდება, რისთვისაც ინვესტორი 0.5 მლრდ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
უმსხვილეს საინვესტიციო პროექტს „გრინ რეზორთი“ „ელ&ერ“ კომპანისთან პარტნიორობით ახორციელებს.
„გრინ რეზორთის“ გენერალური მენეჯერი გიორგი შერაზადაშვილი GHN-თან საუბრისას აცხადებს, რომ პროექტი 6 წელზეა გათვლილი და ის საკმაოდ მასშტაბური იქნება.
„აჭარაში 0,5 მლრდ ლარის ინვესტიციის განხორციელებას ვიწყებთ. პროექტის ფარგლებში აშენდება 250 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი. ასევე პროექტი აერთიანებს სპა-ცენტრს, გოლფის მოედანს, საფეხბურთო მოედნებს, საჩოგბურთო კორტებს, სხვადასხვა ზომის საცურაო აუზებს, ველობილიკს, სარბენ ბილიკს, დასასვენებელ ზონებს და სათამაშო მოედნებს”, - აცხადებს შერაზადაშვილი.
„მწვანე ქალაქის“ პროექტი გააერთიანებს ასევე სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებს, საკონფერენციო დარბაზს, ვილებს. აშენდება ასევე სავაჭრო ცენტრი, ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი, 500 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის ზონა მოეწყობა.
„გრინ რეზორთში“ ჯერ-ჯერობით ვერ აკონკრეტებენ, თუ რომელი საერთაშორისო ბრენდი შევა სასტუმროს მართვაში, რადგანაც გიორგი შერაზადაშვილის განმარტებით, ამ დროისათვის სასტუმრო ბრენდებთან მოლაპარაკებები დაწყებული არ არის.
სასტუმრო კი პირველ სტუმრებს 2022 წლის პირველ ნახევარში მიიღებს, რადგანაც სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, პროექტის პირველი ფაზა 3 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს. პროექტის პირველი ფაზა კი სწორედ მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს.
სასტუმრო ბრენდთან ერთად, „გრინ რეზორთს“ მოლაპარაკებების წარმოება მოუწევს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების მმართველ, მაღალი კლასის ბრენდებთანაც, რადგანაც როგორც გიორგი შერაზადაშვილი აცხადებს, სპორტული მიმართულების მართვაში სულ სხვა კომპანია უნდა შევიდეს.
„გრინ რეზორთმა“ ქობულეთში 180 ჰა მიწა 6 მლნ ლარად შეიძინა, რასაც თან დაურთო 2 მლნ ლარის გამოუხმობადი გარანტია, რასაც რეგიონის მთავრობა პროექტის განხორციელების გარანტიად ითხოვს.
„მწვანე ქალაქის“ პროექტზე ჩეხური არქიტექტურული კომპანია CHYBIK+KRISTOF-ი მუშაობს. “მწვანე ქალაქის“ მშენებლობისას ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები იქნება გამოყენებული. ტერიტორიაზე ელექტრომობილების დასამუხტი სადგურები და მზის ენერგიის პანელები განთავსდება.
„პროექტი გამორჩეული იქნება ძალიან მაღალი ხარისხით და დაბალი განაშენიანებით. ჩვენი პროექტი არ ითვალისწინებს მაღალ შენობებს. ტერიტორიაზე მაქსიმალურად იქნება რეკრეაციული ზონები“, განმარტავს გიორგი შერაზადაშვილი.
უკვე ცნობილია, რომ ინვესტორს სამომავლოდ გაფართოების შესაძლებლობაც ექნება. როგორც აჭარის მთავრობაში განმარტავენ, თუ კი ინვესტორის სურვილი იქნება, მას ამის შესაძლებლობას მიეცემა.
„პოტენციალი არის, რომ მომიჯნავედ არსებული მიწა იყოს ათვისებული, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ არის, რადგანაც კომპანიას საკმაოდ ბევრი სამუშაო აქვს გასაწევი“, აცხადებს „გრინ რეზორთის“ გენერალური მენეჯერი.
აღსანიშნავია, რომ „გრინ რეზორთი“ საქართველოში ჩეხი და სლოვაკი ინვესტორების მიერ დაფუძნებული კომპანიაა. თავად კომპანიის დამფუძნებლებს ევროპაში სასტუმრო ბიზნესში საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნიათ.