ბრუნეიში შემოიღეს სიკვდილით დასჯა ერთნაირსქესიანთა შორის სექსუალური კავშირისთვის.
ბრუნეიში ძალაში შევიდა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის თანახმად, შარიათის კანონების შესაბამისად მკაცრდება სასჯელი სამართალდარღვევებისთვის.
ერთნაირსქესიანთა შორის სექსუალური კავშირისთვის, ცოლ-ქმრული ღალატისა და გაუპატიურებისათვის შემოღებულია სიკვდილით დასჯა ქვებით ჩაქოლვით. ქურდობისთვის გათვალისწინებულია კიდურების მოკვეთა.
სექსი ქორწინების გარეშე გაროზგვით დაისჯება. უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის წარმომადგენლის თქმით, ეს სასჯელი გამოყენებული იქნება ბავშვების წინააღმდეგაც.
„ბრუნეიმ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ამ სასტიკი სასჯელის შემოღება და გადახედოს თავის სისხლის სამართლის კოდექსს ადამიანის უფლებების დაცვის შესაბამისად. საერთაშორისო თანამეგობრობამ სასწრაფოდ უნდა დაგმოს ბრუნეის ნაბიჯი ამ სასტიკი სასჯელის გამოყენებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ზოგიერთი პოტენციური სამართალდარღვევა საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს დანაშაულად, მათ შორის ორივე მხარის თანხმობით ერთნაირსქესიანთა შორის სექსუალური კავშირი. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მკაცრი სასჯელი არამუსულმანებსაც შეეხება.
ბრუნეის სულთანი ხასანალ ბოლქიაჰი ქვეყანაში შარიათის მიხედვით დასჯის ამგვარი მეთოდების შემოღებას მხარს ჯერ კიდევ 1996 წელს უჭერდა. არსებული ინფორმაციით გაროზგვა ასევე ემუქრებათ აბორტის გაკეთების ან ალკოჰოლის მიღებისთვის. გაროზგვა მხოლოდ მუსულმანებისთვის იქნება გამოყენებული.